"ბარსას" უკვე აქვს გეგმა ნეიმარის "ბარსელონაში" გადმოსაყვანად. ლეო მესი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, თუმცა კატალონიაში ფიქრობენ, რომ მის დღევანდელ ფორმას განვითარების პერსპექტივაც აქვს, რისთვისაც მას გვერდით თავისივე დონის ფეხბურთელები სჭირდება. ბარსელონაში ფიქრობენ, რომ ნეიმარი საუკეთესო ვარიანტია არგენტინელთან შესაწყვილებლად. ბრაზილიელი ქვეყნის ჩემპიონატში აშკარად გამოირჩევა და ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ მის ტალანტს ბრაზილიის ჩემპიონატი აღარ შეეფერება. მომავალში მას ახალი გამოწვევები დასჭირდება, ესპანეთის ჩემპიონატი კი მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი იქნება.
კატალონიელები იმედოვნებენ, რომ ამ ტრანსფერს ხელს შეუწყობს ორ კლუბს შორის ჰარმონიული ურთიერთობა. ასევე ცნობილია, რომ თავად ფეხბურთელიც არ არის გულგრილი კატალონიური კლუბისა და მისი ფეხბურთელების მიმართ. "ბარსა" კი დარწმუნებულია, რომ უშუალოდ მოლაპარაკებების დაწყების დროს ზემოთხსენებული ფაქტორები დადებით გავლენას მოახდენენ ტრანსფერის შედეგზე.
ნეიმარმა კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა. იმ დროისთვის ფეხბურთელი 22 წლის იქნება, ეს ასაკი კი იდეალურია ნიჭიერი ახალგაზრდის ევროპაში გადასაბარგებლად, თუმცა ნეიმარის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. მისი ამჟამინდელი ფორმა და თამაში ადასტურებს, რომ იგი უკვე მზადაა ევროპის რომელიმე ტოპ-ჩემპიონატში გამოსასვლელად.
ცხადია კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ნეიმარი რომელიმე გრანიდის ხელში აღმოჩნდება, მაგრამ "ბარსელონა" არ აპირებს 2014 წლამდე მოცდას. ისინი ხვდებიან, რომ თუ არ იჩქარეს, შეიძლება სხვა რომელიმე კლუბმა დაასწრონ. ნეიმარი მზადაა ახლავე დატოვოს "სანტოსი", თუმცა ბრაზილიური კლუბი ცდილობს ფეხბურთელი დიდი ხნით შეინარჩუნოს, რითაც მისი სატრანსფერო ღირებულებაც გაიზრდება.
ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ნეიმარს "სანტოსი" 2013 წლამდე არ გაუშვებს, თუმცა ეს გარკვეულწილად რისკთან არის დაკავშირებული, რადგან, თუ ფეხბურთელი ვერ გაყიდეს კონტრაქტის ამოწურვამდე, მან შეიძლება თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ დატოვოს კლუბი.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" გარკვეული უპირატესობა ექნება მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში. კლუბს იდეალური ურთიერთობა აქვს ყველა იმ პიროვნებასთან, რომელიც ჩართული იქნება ამ ტრანსფერში. ეს ყველაფერი კი პროცესის დაჩქარებას დიდად შეუწყობს ხელს.
კატალონიელებს სურთ, რომ ეს ტრანსფერი ამ ზაფხულშივე შედგეს, თუმცა 2013 წელი უფრო მიმზიდველად გამოიყურება. იმ დროისთვის ფეხბურთელი უფრო ჩამოყალიბებული იქნება. ასევე კლუბში სურთ, რომ ისეთი გრანდიოზული ტრანსფერების შემდეგ, როგორებიც იყო ფაბრეგასისა და სანჩესის გადმობირება, "ბარსა" გარკვეული დროით მოერიდოს ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენას. ზაფხულში ამ ტრანსფერისგან თავის შეკავებას ასევე იმ ფაქტორმაც შეიძლება შეუწყოს ხელი, რომ "ბარსაში" აქტიურად ფიქრობენ მაღალი დონის მცველის შეძენაზე. ამ პოზიციაზე კანდიდატებად მოიაზრებიან ტიაგო სილვა(ცენტრალური მცველი) და ხორდი ალბა(მარცხენა მცველი), რომელთა ფასიც ძალიან მაღალია.
კლუბი ეკონომიურად ძლიერი 2013 წელს უფრო იქნება, მსოფლიო ჩემპიოანტის დაწყების წინ. მსოფლიოს უდიდესმა შეჯიბრმა კი შეიძლება ამ ფეხბურთელის ფასი ერთი-ორად გაზარდოს. ამ შემთხვევაში "ბარსელონას" მოუწევს ევროპის სხვა დიდ კლუბებთან დაპირისპირება ფეხბურთელისთვის. როგორც ვხედავთ, რისკი იმისა, რომ 2014 წელს ნეიმარის შეძენა საგრძნობლად გაჭირდეს, ძალიან მაღალია. ამიტომ ცხადია, თუ კლუბი სერიოზულად ფიქრობს ამ ფეხბურთელზე, იგი მსოფლიო ჩემპიონატამდე მოირგებს "ბარსას" ფორმას.
ნიემარის "ბარსელონაში" გადმოყვანას კიდევ ერთი მიზეზი აქვს. ბრაზილელი უნივერსალური ფეხბურთელია, მას თავდასხმის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ისტორიას კარგად ახსოვს, რომ ლეო მესი უფრო პროდუქტიული მაშინ იყო, როდესაც მის წინ მაღალი დონის ცენტრალური თავდამსხმელი თამაშობდა. ნეიმარის შეძენით კლუბი ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემას მოაგვარებს, რითაც მესის მოედანზე უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა.