ტურინის "იუვენტუსი” "მილანის” ცენტრალური მცველის, ალესანდრო ნესტას გადაბირებით დაინტერესდა. Tuttosport-ის ცნობით, თუკი 35 წლის იტალიელი "როსონერისთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ზაფხულში "ბებერ სინიორას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ტურინელებმა ანდრე პირლო სწორედ ასე დაიმატეს. თანაც, ნესტას მილანში არცთუ წარმატებული პერიოდი უდგას – ხშირად ტრავმიანობს და ძირითად შემადგენლობაში ადგილიც, უმეტესად, ფილიპ მექსესსა და ტიაგუ სილვას ეთმობათ. შეგახსენებთ, რომ ვეტერანი მცველი "მილანში” 2002 წელს, რომის "ლაციოდან” გადავიდა. მან "როსონერის” შემადგენლობაში 318 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის ავტორი გახდა.
|