შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
www.HAimee.ucoz.com 
საიტის მენიუ
მთავარი » 2012 » მარტი » 15 » საქართველო და რუსეთი ციფრებში
21:36
საქართველო და რუსეთი ციფრებში
რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა ერთხელ თქვა, რაგბი, მოედანზე გადატანილი ომის იდეალური გამეორებააო. სპორტის ამ სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი სიტყვები ძალიან ახლოსაა, ჰოდა, აგერ უკვე 19 წელია, ამ "ომში” საქართველო რუსეთთან არ დამარცხებული და იმედია, ეს სასიამოვნო ტრადიცია 17 მარტის შემდეგაც გაგრძელდება.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, სწორედ ამ ტრადიციის გამო უყვარს სრულიად საქართველოს რაგბი წელიწადში მხოლოდ ერთი დღით, არადა, ეს ბიჭები, რომელთაც სამჯერ ითამაშეს მსოფლიო თასზე, უფრო მეტს იმსახურებენ და 25-ათასიანი სტადიონი მათი ნებისმიერი შეხვედრისას პირთამდე უპრობლემოდ უნდა ივსებოდეს, სხვა დროს კი, "ბორჯღალოსნებს” "ეროვნული სტადიონის” კარი დაკეტილი არ უნდა ჰქონდეთ. სპორტის ნებისმიერი სახეობა, მათ შორის რაგბიც, პოლიტიკისგან შორს უნდა იდგეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, საქართველო-რუსეთის შეხვედრებისას, პოლიტიკური მარწუხებიდან თავის დაღწევა ვერ ხერხდება და დაძაბულობა უკიდურეს ზღვარს აღწევს, მოედანზე გასული ორივე გუნდის მორაგბეები კი, გლადიატორებს ემსგავსებიან.
ბოლო წლებში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამძაფრდა - რუსეთის მთავრობამ "დათვებს” საქართველოს დამარცხების სანაცვლოდ რაგბისათვის არნახული პრემია აღუთქვა; საქართველოს ხელისუფლებამ ტრაპიზონში გასამართ მატჩამდე სამი დღით ადრე, გამარჯვების აღსანიშნავი ზეიმის მოსაწყობად სცენის გამართვა დაიწყო; გასულ წელს, რუსებმა სოჭში გამართული მატჩის ნახვის საშუალება არ მოგვცეს... ისე კი, თავად მორაგბეებისთვის (ორივე გუნდის), ეს დაპირისპირება მუდამ ღირსების საქმეა და მოედანზე გასულები, მუდამ ბოლომდე იბრძვიან და ამ ბრძოლის განვლილი 15 რაუნდიდან, "დათვები” ნოკაუტში 13-ჯერ აღმოჩნდნენ, ერთი თამაში ფრედ დასრულდა, ერთი შეხვედრა კი, რუსეთის გამარჯვებით დამთავრდა.
ჩრდილოელმა მეზობლებმა ის კინკილა გამარჯვება შორეულ 1993 წელს მოიპოვეს, როდესაც საქართველოს ქვეყნისა არაფერი ეცხო და სპორტისთვისაც არავის ეცალა. მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, ქართველებისა და რუსების პირველი დაპირისპირება პოლონეთის ქალაქ სოპოტში შედგა, გუნდებმა ლელო ვერ გაიტანეს და საქართველოს ნაკრები 9:15 დამარცხდა. შემდეგი დუელი უკვე 1996 წელს, თბილისში შედგა, "ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს ერთის წილ სამი ლელოს გაუტანეს და 29:20 იმარჯვეს. ორი წლის შემდეგ, კვლავ "ეროვნულზე”, ულელოვო, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის დაძაბულ ჯახში, საქართველოს ნაკრებმა 12:6 იმარჯვა, ხოლო 2001 წლიდან, ევროპული რაგბი გარკვეულ ჩარჩოში მოექცა და ამის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ არკვევენ ურთიერთობას.
საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ტერიტორიაზე პირველი თამაში სწორედ 2001 წელს ჩაატარა. "დათვებს” რევანში სწყუროდათ (მაშინ ზედიზედ სამი მარცხისთვის) და დამოუკიდებლად არსებობის ისტორიაში, ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებიც ყავდათ, მაგრამ კრასნოდარში მაინც ქართველებმა იმძლავრეს და მასპინძლები საკუთარ მიწაზე პირველად შეარცხვინეს - 25:23. გუნდებმა სამ-სამი ლელო გაიტანეს. მომავალ წელს რუსებმა უკვე თბილისში იბრძოლეს. შეხვედრა "ეროვნულზე” დედების დღეს, 3 მარტს გაიმართა. ამჯერად ლელოს გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და ამ ნაკრებების დაპირისპირებაში პირველი და ერთადერთი ფრე დაფიქსირდა (12:12).
იმ წელს საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე რუსეთისაზე უკეთესი შედეგი აჩვენა და მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ტრადიციულ მეტოქესთან კვლავ მასპინძლის უფლებით ისარგებლა. ოქტომბრის თვეში გამართული ეს მატჩიც დაძაბული გამოდგა, გუნდებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა ჯარიმები უკეთ ურტყეს და 17:13 იმარჯვეს. აქედან დაიწყო საქართველოს ნაკრების გამარჯვებათა სერია და აგერ უკვე 10 თამაშია, შინ თუ გარეთ (ან ნეიტრალურ მოედანზე), თოვლსა თუ დარში, გამარჯვება მუდამ "ბორჯღალოსნებს” რჩებათ.
მომდევნო ორი წელი, მერტოქესთან თამაში ჭირდა. 2003 წელს, კრასნოდარში, გუნდებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს და საქართველოს ნაკრებმა მატჩი 23:17 მოიგო, 2004 წლის გაზაფხულზე, ვაკეში ულელოო თამაში 9:3 დასრულდა, ხოლო იმავე წლის ნოემბერში, უკვე კრასნოდარში, საქართველოს ნაკრებმა ლელოებით 4:2, ხოლო ჯამში 27:15 იმარჯვა. აქედან დაიწყო და უკვე 7 წელიწადია, ქართველი გმირები "დათვებს” არა მხოლოდ ანგარიშით, არამედ ლელოებითაც პირწმინდად ამარცხებენ.
ერთწლიანი შესვენების შემდეგ, რუსები ქართველთა წინაშე 2006 წელს, თბილისში წარდგნენ და იმ დროისთვის გამანადგურებელი, სარეკორდო სხვაობით მარცხი იწვნიეს. ეს წელი ქართველმა მორაგბეებმა მართლაც საუცხოოდ ჩაატარეს, რუსები კი, 46:19 დაამარცხეს და ერთის წილ 6 ლელო გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ არც მანამდე და არც მის შემდეგ, ერთ შეხვედრაში რუსთა ჩათვლის მოედანი ექვსჯერ არ აგვიღია. მომდევნო წელს, კვლავ თბილისში, საქართველოს ნაკრებმა თავისი ჩათვლის მოედანი ხელშეუხებლად შეინახა, თავად მეტოქე ოთხჯერ დაალელოვა და 31:12 იმარჯვა.
ტრადიციულად, მსოფლიო თასზე გამოსვლის შემდეგ, მომავალ წელს ნებისმიერ გუნდში თაობათა ცვლა იწყება და ასე იყო საქართველოს ნაკრებშიც, რითაც რუსებმა სარგებლობა გადაწყვიტეს და ქართველთა დასამარცხებლად სხვა ხრიკებსაც მიმართეს. მათ თამაში აპრილის თვეში ციმბირში, კრასნოიარსკში დანიშნეს. ამასთან, "დათვებში” მიიწვიეს მანამდე საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ფრანგი კლოდ სორელი და მისი ამოცანა მხოლოდ ის იყო, რომ თავისი ყოფილი შეგირდები დაემარცხებინა. ამ დროს საქართველოს ნაკრებს უკვე ავსტრალიელი ტიმ ლეინი ავარჯიშებდა. კომასარმა და რეფერიმ, მოყინული მოედნის ნახვისას საქართველოს ნაკრებს შესთავაზეს, ყინვაა, მოედანიც არ ვარგა და შეგიძლიათ თამაშის სხვა დროისთვის ჩატარება მოითხოვოთო, მაგრამ "ბორჯღალოსნებმა” იუარეს და მოედანზე გავიდნენ.
აქ ერთი საინტერესო ამბავიც მოხდა. რატომღაც, იმ დღისთვის რუსეთში ჩასვლა ვერ მოახერხა ორიდან ერთმა გვერდითმა მსაჯმა და მისი ადგილი რუსმა მსაჯმა დაიკავა, რომელმაც მოგვიანებით ქართველებს ერთი ასპროცენტიანი ლელო არ ჩაუთვალა. მიუხედავად ამისა, "ბორჯღალოსნების” გმირულმა თამაშმა მათ 18:12 მოაგებინა. ლელოები იმ დროს კრასნოიარსკის "ენისეი-სტმ”-ის მორაგბეებმა, დავით კაჭარავამ და რატი ურუშაძემ (ის დღესაც ამ გუნდში თამაშობს) გაიტანეს, ჩვენი ჩათვლის მოედანი კი, ხელშეუხებელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში რუსთა პროვოკაციას ქართველებმა საკადრისად უპასუხეს, მაგრამ რატომღაც რეფერიმ მხოლოდ ქართველების დანაშაული დაინახა, ორი მორაგბე გაგვისინბინა და ათი წუთი 15-ის წინააღმდეგ 13 ქართველი ათამაშა.
ამ გამარჯვების შემდეგ იყო, ლეინმა რუს ჟურნალისტს რომ უთხრა, საქართველოს ნაკრები რუსეთისას ყინვაში კი არა მთვარეზეც დაამარცხებსო. მერე იყო ცნობილი აგვისტოს ომი, რომლის დროსაც საფრანგეთში მობურთალი ქართველი ლეგიონერები შეიკრიბნენ და იარაღით სამშობლოს დასაცავად გამომგზავრება გადაწყვიტეს, მაგრამ ომი ხანმოკლე აღმოჩნდა და დიდი თხოვნების შემდეგ, ბიჭებიც საფრანგეთში დარჩნენ. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ქართველმა მორაგბეებმა სამშობლოს დასაცავად მზადყოფნა მოედნის მიღმაც გამოთქვეს. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომზე რომ არაფერი ვთქვათ, 1989 წლის 9 აპრილს, თვითმხილველთა თქმით, სწორედ მორაგბეებმა იყოჩაღეს, შეიარაღებული ჯალათები შეაკავეს და ხალხს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა მისცეს, თორემ მსხვერპლი ბევრად დიდი იქნებოდაო.
წმინდა სპორტული თვალსაზრისით, აგვისტოს ომმა ის მოიტანა, რომ ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ბრძანა, თქვენი ერთმანეთთან სტუმრობა არ გამოვაო და ორი წელი საქართველო-რუსეთის მატჩების ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება ბრძანა. რუსებმა არჩევანი რუსეთის-უკრაინის საზღვარზე, წმინდა რუსულ (საბჭოთა) ქალაქ მარიუპოლზე შეაჩერეს, მაგრამ სტადიოზე უფრო მეტი ქართველი მივიდა, ვიდრე რუსი. საქართველოს ნაკრებმა არნახული თავგამოდებით ითამაშა და დიდი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ ბოლოსკენ მოეშვა, მეტოქემ ამით ისარგებლა და ორი საპასუხო ლელოთი ჩამორჩენა სახიფათო ზღვარამდე დაიყვანა, მაგრამ ბოლო აკორდი გია ლაბაძემ და გიორგი ჩხაიძემ თქვეს, რომელთა გარღვევასაც მეხუთე ლელო მოჰყვა და საქართველოს ნაკრებმა 29:21 იმარჯვა.
2010 წელს საქართველოს ნაკრები რუსეთს უკვე მეზობელ თურქეთში, ტრაპიზონში დახვდა. ამ დღეს ერთ დროს ქართული მიწა საქართველოსი იყო. ადგილობრივი მცხოვრებლები იმ დღეს "ქართველები” იყვნენ, 6-ათასიანი სტადიონიც "ხუთჯვრიანი” დროშებით გაივსო და ანგარიში კვირიკაშვილმა არეკნით გახსნა, მაგრამ მალე რუსებმა ლელო გაიტანეს, წინ გაიჭრნენ და ერთბაშად ორი ქართველი მორაგბეც დაშავდა - მათ შორის გუნდის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე. "აბუს” ისე ჰქონდა თავი "გაპობილი”, სისხლდენა მთელი ორი საათი არ შეჩერებია, მაგრამ ექიმების მცდელობის მიუხედავად, მოედანზე დაბრუნდა. რუსებს გატანილი ლელო და დაწინაურება არ გახარებიათ და მართლებიც იყვნენ, რადგან სულ მალე, საპასუხოდ დავით ზირაქაშვილმა გაუჭრა ხაზი, პირველხაზელისთვის არანორმალური სიჩქარე აკრიფა და საპასუხო ლელო გაიტანა, მერე კი, დაიწყო... "ბორჯღალოსნებმა” მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს, სულ თავბედი აწყევლინეს და დღემდე სარეკორდო სხვაობით, 36:8 გაანადგურეს, ერთის საპასუხოდ კი, ჯამში 5 ლელო გაუტანეს.
გასულ წელს საქართველოს ნაკრები რუსეთს უკვე სოჭში ეწვია და "სლავა მეტრეველის” სახელობის სტადიონზე, უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვა. რუსები აშკარად მოტივირებულნი იყვნენ და უსიამოვნო ტრადიციის დარღვევა ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და ატალახებულ მოედანზე "ბორჯღალოსნებმა” 15:9 იმარჯვეს, რითაც ერთა თასი მოიპოვეს, ახლა კი, რუსეთს თბილისში, "მიხეილ მესხზე” დაუხვდებიან და მისი პრემიალური ქულით დამარცხებით, ერთა თასის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯის გადადგმას ეცდებიან.
ახლა საქართველოს ნაკრებს ესპანეთისა და რუმინეთის დარად, 10 ქულა აქვს. 17 მარტს ესპანეთი რუმინეთს მადრიდში დაუხვდება და თუ რომელიმე გუნდმა ისე იმარჯვა, რომ პრემიალური ქულა ვერ აიღო, საქართველო რუსეთის 4 ლელოთი დამარცხებით ერთპიროვნულად გალიდერდება. ურთიერთშეხვედრებში, საქართველო რუმინეთს ჯობნის, მაგრამ ესპანეთს ჩამორჩება და ამ კუთხით, რუმინელთა მოგება ერთი შეხედვით უკეთესი უნდა იყოს, მაგრამ ესპანელებს დასკვნითი მატჩის ჩატარება იმავე რუსეთთან სტუმრად უწევთ და ძნელად სავარაუდოა, ორივე ძლიერ მეტოქეს პრემიალური ქულით აჯობონ. მოკლედ, "ბორჯღალოსნებმა” თავისი საქმე უნდა გააკეთონ, რუსებს პრემიალური ქულით აჯობონ და ტრადიცია შეინარჩუნონ, თანაც ერთა თასზე ლიდერებადაც დარჩებიან, მერე იგივეს გაკეთება უკრაინასთან აღარ გაუჭირდებათ და დიდი ალბათობით, თასი კვლავ თბილისში დარჩება.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა 17 მარტს, 15:00 საათზე, "მიხეილ მესხზე” დაიწყება. 25-ათასიანი სტადიონის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. მათი უმეტესობა 5 ლარი ღირს და დიდი ტემპით იყიდება, ასე რომ, სავარაუდოდ სტადიონი პირთამდე შეივსება. რუმინელებთან ნაომარი ბიჭები, "შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ვიტო კოლელიშვილი, რომელსაც ტინკუს დანოკაუტება ათდღიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა, კოჭს იტკივებს გიორგი შკინინი და მისი საკითხი ბოლო მომენტში გადაწყდება, მამუკა გორგოძე და შალვა სუთიაშვილი კი, ჯანზე არიან და "დათვების” წინააღმდეგ მოედანზე იქნებიან.
რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, ისინი თბილისში დღეს ჩამოდიან, ოღონდ რომელ საათზე, ჯერ თავადაც არ იციან. რუსები თბილისში ერევნიდან ავტობუსით მოდიან და სასტუმრო "ბატესტაში” დაბინავდებიან. დიდ ჯახამდე დარჩა ორი დღე!

2012 წლის ევროპის ერთა თასი. V რაუნდი
თბილისი. "მიხეილ მესხი”. 15:00 საათი
საქართველო - რუსეთი
რუსეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: დენის ანტონოვი ("სლავა”), მიხაილ ბაბაევი ("ვვა-პოდმოსკოვიე”), ვლადიმირ ბოლტენკოვი ("იმპერია”), ვლადიმირ ბოტვინიკოვი ("ენისეი-სტმ”), პაველ ბუტენკო ("ენისეი-სტმ”), ალექსეი ვოლკოვი ("ვვა-პოდმოსკოვიე”), ანდრეი გარბუზოვი ("კრასნი იარი”), ნაზირ გასანოვი ("კრასნი იარი”), დმიტრი გერასიმოვი ("ენისეი-სტმ”), გერმან გოდლიუკი ("სლავა”), ინოკენტი ზიკოვი ("ენისეი-სტმ”), პავლე კვერნაძე ("სპარტაკი”), კირილ კოპეშკინი ("იმპერია”), კირილ კულემინი ("კასტრი”, საფრანგეთი), იური კუშნარიოვი ("ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსეი მაკოვეცკი ("კრასნი იარი”), ევგენი მატვეევი ("ვვა-პოდმოსკოვიე”), ანდრეი ოტროკოვი ("კრასნი იარი”), ანტონ რიაბოვი ("კრასნი იარი”), ანტონ სინიცინი ("სპარტაკი”), მაქსიმ სტურზა ("კრასნი იარი”), ევგენი ტიტოვი ("ნოვოკუზნეცკი”), სერგეი ტრიშინი ("ვვა-პოდმოსკოვიე”), არტიომ ფათახოვი ("ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსანდრ შაკიროვი ("ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსანდრ იანუშკინი ("ვვა-პოდმოსკოვიე”), ვიქტორ გრესევი ("ლონდონ უოსპსი”, ინგლისი), სტანისლავ სელსკი ("ენისეი-სტმ”).
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი”, საფრანგეთი, 38 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ნატრიაშვილი ("ბრივი”, საფრანგეთი, 33 კეპი, 20 ქულა), დავით ქუბრიაშვილი ("ტულონი”, საფრანგეთი, 22, 5), ვასილ კაკოვინი ("ბრივი”, საფრანგეთი, 19, 0), მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელიე”, საფრანგეთი, 3, 0), რეზო ბელქანია ("ლა სეინი”, საფრანგეთი, 6, 5), შალვა მამუკაშვილი ("არმია”, თბილისი, 4, 0);
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე ("სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 55, 30), გიორგი ნემსაძე ("ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 25, 25), ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი”, საფრანგეთი, 48, 10);
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი ("მასი”, საფრანგეთი, 24, 5), ბექა ბიწაძე ("არმია”, თბილისი, 0, 0), ვიტო კოლელიშვილი ("კლერმონი”, საფრანგეთი, 14, 5), გივი ბერიშვილი ("ლოკომოტივი”, თბილისი, 8, 0), მამუკა გორგოძე ("მონპელიე”, საფრანგეთი, 43, 100), დიმიტრი ბასილაია ("ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 22, 15);
#9: ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი”, საფრანგეთი, 78, 35), გიორგი ბეგაძე ("ბათუმი XV”, ბათუმი, 3, 0), ბიძინა სამხარაძე ("არმია”, თბილისი, 60, 30);
#10: მერაბ კვირიკაშვილი ("სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 59, 315), ლაშა მალაღურაძე ("ვალანსი”, საფრანგეთი, 33, 100);
უკანა ხაზი: მერაბ შარიქაძე ("გლოსტერი”, ინგლისი, 3, 5), დავით კაჭარავა ("ნიცა”, საფრანგეთი, 50, 60), თედო ზიბზიბაძე ("პერიგო”, საფრანგეთი, 61, 75); ირაკლი მაჩხანელი ("სენტ-ეტიენი”, საფრანგეთი, 53, 90), ალექსანდრე თოდუა ("ლელო”, თბილისი, 31, 5), ირაკლი ჩხიკვაძე ("არმია”, თბილისი, 27, 25), გიორგი შკინინი ("არმია”, თბილისი, 35, 30), ბექა წიკლაური ("გდინია”, პოლონეთი, 2, 5).
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე

2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)

11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)

25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)

10 მარტი
რუსეთი - უკრაინა 38:19 (21:12)
რუმინეთი - საქართველო 13:19 (10:6)
პორტუგალია - ესპანეთი 23:17 (6:8)
1 ესპანეთი 3 2 0 1 83-47 10
2 საქართველო 3 2 0 1 69-45 10
3 რუმინეთი 3 2 0 1 53-26 10
4 რუსეთი 3 2 0 1 71-76 9
5 პორტუგალია 4 1 0 3 69-97 6
6 უკრაინა 2 0 0 2 25-79 0



17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი

24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია

19 მაისი
რუსეთი – ესპანეთი

1 ივნისი
რუმინეთი - უკრაინა

9 ივნისი
უკრაინა - საქართველო

2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი

1 საქართველო 8 7 0 1 237-80 32
2 რუმინეთი 8 5 0 2 219-95 26
3 რუსეთი 8 4 0 4 171-174 20
4 ესპანეთი 8 4 0 4 175-222 20
5 პორტუგალია 9 4 0 5 182-195 20
6 უკრაინა 7 0 0 7 86-304 0
ნანახია: 676 | დაამატა: lamparda | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
christmas song
Gilocaaaavt
  • New Year
  • ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2012  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
       1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
    ჩანაწერების არქივი
    მინი-ჩეთი
    საიტის მეგობრები
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 3
    სტუმარი: 3
    მომხმარებელი: 0

    Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz