გუშინ ღამით გულშემატკივარმა კიდევ ერთი ბარსელონური და მადრიდული დაპირისპირება იხილა. ოღონდ, ამჯერად რეალის მეტოქე ესპანიოლი იყო.
თავიდანვე ნათელი იყო, რომ სტუმრების წარმატების შანსები მიზერული იყო. რეალი ყოველგარი პრობლემების გარეშე ახერხებდა მეტოქისთვის გოლების გატანას.
ანგარიში რონალდუმ გახსნა - სტუმრებმა დაცვაში მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, ბურთი ოზილს მიუვიდა, რომელმაც გადაცემა გონსალო იგუაინს გაუკეთა, არგენტინელმა ერთი შეხებით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა კრიშტიანუ.
შესვენებამდე არც თუ ისე ადრე, ხედირამ სხვაობა გააორმაგა. ბლანკოსმა ბრწყინვალე კომბინაცია შემოგვთავაზა ოზილი-რონალდუ-ხედირას შესრულებით, ამ უკანასკნელმა კი მომენტი გოლით დააგვირგვინა.
მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გაირკვა. შესვენების შემდეგ ისღა იყო საინტერესო, კიდევ რამდენ გოლს გაიტანდნენ მასპინძლები. მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, ესპანიოლმა კიდევ ერთი ბურთი მიიღო, ამეჯრად იგუაინისგან, რომელმაც შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ერთი გოლის გატანა კაკამაც მოახერხა - ბრაზილიელმა თავისი კარგი თამაშით ნამდვილად დაიმსახურა ეს.
მაშ ასე, სხვაობა მადრიდის რეალსა და კატალონიის ბარსელონას შორის კვლავ 10-ქულას შეადგენს.