პოლონური წარმოშობის გერმანელი ფორვარდი ლუკაშ პოდოლსკი "კიოლნს” რომ ტოვებს, უკვე გადაწყვეტილი ამბავია. თავად ფეხბურთელის განცხადებით, მას ახლანდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადავა პოდოლსკი. რამდენიმე დღის წინ, მისი გადაბირების უმთავრეს მსურველად ლონდონის "არსენალი” სახელდებოდა, თუმცა ახლა ცნობილი ხდება, რომ "მეთოფეები” ლუკაშის სანაცვლოდ მხოლოდ 10 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ, ხოლო "კიოლნი” ფეხბურთელში ოც მილიონს ითხოვს. მიუხედავად ამისა, პოდოლსკის აგენტი იტყობინება, რომ მისი კლიენტი 90%-ით უკვე "არსენალის” წევრია და დიდი შანსია, გუნდები ფეხბურთელის საშუალო ფასზე შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ 26 წლის პოდოლსკი "კიოლნში” 2009 წლიდან გამოდის და ამ დროის განმავლობაში, 77 მატჩში 30 გოლი გაიტანა. გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ 95 მატჩში კი, პოდოლსკი 43 გოლით გამოირჩა
|