ინგლისური "მანჩესტერ სიტის” ფორვარდი – მარიო ბალოტელი კვლავ თავის სტიქიაშია. ამჯერად, მან გუნდის თავკაცის, რობერტო მანჩინის წყრომა დაიმსახურა. საქმე ისაა, რომ 21 წლის იტალიელი სამშობლოში დაბრუნდა და მილანის "ინტერის” მთავარი მწვრთნელის – ანდრეა სტრამაჩონის პრესკონფერენციას დაესწრო, რამაც ინგლისური კლუბის სამწვრთნელო შტაბი გააღიზიანა. The Telegraph-ის ცნობით, იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, ბალოტელიმ "სიტის” ვარჯიშზე დაიგვიანა. მანჩინიმ ახალგაზრდა თავდამსხმელს უსაყვედურა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბალოტელიმ ვარჯიშზე სრულად დატვირთვა არ ისურვა, იტალიელმა სპეციალისტმა საწვრთნელი პროცესიდან დაითხოვა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ზაფხულში, ბალოტელი "სიტიში” მილანის "ინტერიდან” გადავიდა. მან "ქალაქელთა” მაისურით 55 მატჩი ჩაატარა და 25 გოლის ავტორი გახდა.
|