ესპანური პრესის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დაინტერესებულები არიან "ვალენსიას" მცველის, ხორდი ალბას შესყიდვით.
"ლურჯ-ბროწეულისფრები" მოლაპარაკებებს აწარმოებენ "ღამურების" ფეხბურთელთან და უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებასაც მიაღწიეს. თავად ფეხბურთელსაც სურს, რომ მოირგოს კატალონიური გუნდის მაისური, თუმცა ჯერ-ჯერობით კლუბების დონეზე შეთანხმება მიღწეული არ არის. "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მზადაა, რომ შექმნას ფეხბურთელის შეძენისთვის საჭირო პირობები, რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონები იტალიური "მილანის" მცველის, ტიაგო სილვათიც იყვნენ დაინტერესებულები, თუმცა ბრაზილიელი ფეხბურთელის სიძვირის გამო მეტად საეჭვოა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ეს ტრანსფერი განახორციელონ.