დაახლოებით ერთი თვის წინ, მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელი სამი ხედირა, ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულად კარგად მოიქცა. სამიმ ერთ-ერთ ტუნისელ ჟურნალისტს ტუნისის სასამართლოში იმის გამო უჩივლა, რომ ამ უკანასკნელმა ხედირასა და ყველასათვის უცნობი მეძავის ღლაბუცის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გაავრცელა. თავისთავად, სასამართლოს გზით სამართლის ძიება სულაც არაა ცუდი და უკადრებელი საქმე, მაგრამ ქომაგების აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ ხედირამ სასამართლოს არა ჟურნალისტის მხრიდან ბოდიშის მოხდა და ფულადი კომპენსაციის გადახდა, არამედ მისი დაკავება მოსთხოვა. ტუნისელმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტი სამი დღით მართლაც დააკავეს, მაგრამ საზოგადოების ზეწოლით, მალევე გაათავისუფლეს. ჟურნალისტმა ბოდიში მაინც არ მოიხადა და იმუქრება, რომ მომავალში ამ ფეხბურთელის ცხოვრებაში ცხვირს მაინც ჩაყოფს. სამი ხედირა ცნობადი ადამიანია. ცნობად ადამიანებს კი გარკვეული თმენის ვალდებულება გააჩნიათ.
|