პეპ გუარდიოლას მწვრთნელობის დროს, ჩემპიონთა ლიგაში "ბარსა" ყოველთვის ახერხებდა ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვების მოპოვებას, პირველ შეხვედრაში ყაიმის თამაშის შემდეგ.
სამშაბათს "კამპ ნოუზე" გამოვლინდება "ბარსელონასა" და "მილანის" წყვილს შორის გამარჯვებული, რომელიც ნახევარ-ფინალში დაუპირსპირდება "ბენფიკას", ან "ჩელსის". პირველი შეხვედრა, რომელიც "სან სიროზე" გაიმართა, დასრულდა ფრედ 0-0. ეს შედეგი საშუალებას აძლევს გუარდიოლას, რომ ოპტიმისტურად შეხედოს შემდეგ რაუნდში გასვლის შანსებს, რადგან ისტორია მის მხარესაა. 2008/09 სეზონში, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნის დღიდან, "ბარსელონა" 27 ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში 25-ჯერ გამოვიდა გამარჯვებული. ორივე მარცხი 2009/2010 სეზონში მოხდა: ერთი სამეფო თასის 1/8 ფინალში "სევილიასთან" და მეორე ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "ინტერთან".
ფრე პირველ მატჩში
გუარდიოლას "ბარსელონა" უპრობლემოდ გადიოდა მომდევნო რაუნდში, როცა პირველ შეხვედრას ასრულებდა ფრედ. პირველად ეს მოხდა 2008/2009 სეზონში, როცა 1:1-ის შემდეგ "ბარსელონამ" გასვლაზე "ლიონი" გაანადგურა, ანგარიშით 5-2. მომდევნო მატჩი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გახდა გუარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში. "კამპ ნოუზე" გაგორებული უგოლო ფრის შემდეგ, "ჩელსი" და "ბარსელონა" "სტემფორდ ბრიჯზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის იბრძოდნენ. მატჩის მიწურულს ანდრეს ინიესტას მიერ გატანილი გოლის წყალობით, რაუნდის გამარჯვებული "ბარსელონა" გახდა.
მომდევნო სეზონში "ბარსელონამ" ორჯერ დაიწყო ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა ფრით, თუმცა მაინც გავიდა მომდევნო ეტაპზე. პირველად კატალონიელებმა "შტუტგარდს" ეთამაშეს 1:1 გასვლაზე, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 4:0 იმარჯვეს. შემდეგი მეტოქე იყო ლონდონის "არსენალი". "ბარსელონამ" "მეთოფეების" მოედანზე შეხვედრა 2:2 დაასრულა, თუმცა "კამპ ნოუზე" მესის მიერ შესრულებული "პოკერის" წყალობით, კატალონიელები ნახევარ-ფინალში გავიდნენ.