მახაჩყალის ''ანჟი'' საფეხბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს - მათ ამჯერად ''ჩელსის'' ფრანგი თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა და ''არსენალის'' ჰოლანდიელი წინახაზელი რობინ ვან პერსის ყიდვა მოინდომეს.
ამ რუსული კლუბის ხელმძღვანელ სულეიმან კერიმოვისგან უკვე აღარაფერი უნდა გაკვიკვირდეს: ამ ზაფხულს ხომ მილანის ''ინტერიდან'' სამუელ ეტოო გადაიყვანეს 22 მილიონ ევროდ, რაც ადვილი საქმე ნამდვილად არ გახლავთ.
ამ ტრანსფერით კამერუნელი ფორვარდი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცა - მას ''ანჟიში'' ხელფასის სახით 345 000 ევროს უხდიან. გუნდის მოთამაშე მწვრთნელმა რობერტო კარლოსმა თქვა:
''ჩვენ მხოლოდ ანელკათი არა ვართ დაინტერესებულნი. მის გარდა რობინ ვან პერსისა და პსჟ-დან ნენეს გადმოყვანა გვსურს''.
ფრანგულ ტელეარხ Canal4-თან საუბრისას ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ნეიმარის ტრანსფერის შესახებაც თქვა ორიოდ სიტყვა:
''ნეიმარი? მე მას უკვე ვესაუბრე. თუ ''რეალი'', ''ბარსელონა'', ან ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ვერ გადაუხდიან დასაკმაყოფილებელ თანხას, მაშინ ჩათვალეთ, რომ მომავალი ბრაზილიელი ტალანტი ჩვენი იქნება. სულეიმან კერიმოვს შეუძლია იმის შეთავაზება, რისიც უნდა''.
|