ინგლისური "მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობას თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ტრანსფერზე არ დაუყენებია, მაგრამ მზადაა, კლუბების შემოთავაზებები განიხილოს. The Telegraph-ის ცნობით, 21 წლის იტალიელის აგენტი უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს და ფეხბურთელისთვის ახალი გუნდის ძიებაშია. უკანასკნელ ხანებში რომ ბალოტელიმ არაერთხელ გააღიზიანა "სიტის” ხელმძღვანელები, ახალი არაა. ბოლოს, გუნდის თავკაცმა – რობერტო მანჩინიმ ფორვარდი ვარჯიშიდანაც კი დაითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბალოტელიმ "სანდერლენდთან” ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (3:3) დუბლი შეასრულა, იტალიელი სპეციალისტი მისი თამაშით მაინც უკმაყოფილო იყო: "ბალოტელიმ ცუდად ითამაშა. ასეთ მატჩებში, სწორედ ფორვარდებმა უნდა მოუტანონ გუნდს 3 ქულა. სამადლობელი არაფერია იმაში, რომ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, მან მარცხისგან გვიხსნა”.
|