მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთს "ჩელსი” და "ბარსელონა” დაუპირისპირდნენ, ყველას გაახსენდებოდა ამ გუნდების მიერ, ამავე ტურნირის ამავე ეტაპზე, 3 წლის წინათ გამართული სკანდალური მატჩი, რომლის გმირადაც ანდრეს ინიესტა, ხოლო ანტიგმირად – ტომ ჰენინგ ევრებე იქცა. ლონდონში გამართულ გამნეორებით შეხვედრაში, ნორვეგიელმა არბიტრმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა. მართალია, მათი ნაწილი "ჩელსის” სასარგებლოდ იქნა მიღებული, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ იმ თამაშში, "არისტოკრატები” უფრო დაიჩაგრნენ. გემახსოვრებათ, ევრებეს "ბარსას” კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საბაბი რამდენჯერმე ჰქონდა, მაგრამ მან ყველა შემთხვევაში თავი შეიკავა. "ჩელსისა” და "ბარსელონას” შორის გასამართი მორიგი ნახევარფინალური დაპირისპირების წინ, ჟურნალისტებმა ევრებეს მიაკითხეს და კომენტარი სთხოვეს. როგორც გაირკვა, ნორვეგიელი არბიტრი "ჩელსის” გულშემატკივრებისგან მუქარის წერილებს დღემდე ღებულობს. "მუქარის წერილები გრძელდება. ყოველდღიურად, სამ-ოთხ ასეთ წერილს ვღებულობ. ეს არ მომწონს, მაგრამ არც ცხოვრებაში მიშლის ხელს. ამის შესახებ ოჯახის წევრებს არ ვეუბნები”. ევრებე პირდაპირ არ აღიარებს, რომ "ჩელსი”-"ბარსელონას” მატჩში შეცდომები დაუშვა, მაგრამ აცხადებს, რომ იმ თამაშმა მას ბევრი რამ ასწავლა: "როდესაც წარსულში ვიხედები, ვაცნობიერებ, რომ არის შემთხვევები, როდესაც სხვაგვარად მოვიქცეოდი. იმ მატჩმა ბევრი რამ მასწავლა. ნებისმიერი მსაჯი დამეთანხმება, რომ არსებობს კარგი და ცუდი თამაშები. ეს ჩვენი სამუშაოს ნაწილია და არ ვწუხვარ იმის გამო, რაც კონკრეტულ თამაშში მოხდა. ჩემი ცხოვრება გრძელდება. ბუნებრივია, "ჩელსისა” და "ბარსელონას” თამაშებს ვუყურებ. მიყვარს ჩემპიონთა ლიგა. განსაკუთრებით მაინტერესებს ძლიერი გუნდების მონაწილეობით გამართული გადამწყვეტი მატჩები” – ციტირებს ევრებეს სიტყვებს The Guardian-ი.